#იმოქმედე

რა არის ოჯახში ძალადობა?

 ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ვინ ითვლება ოჯახის წევრად?

დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი

ძალადობის ფორმები

ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე

იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი?

ოჯახის წევრი, რომლის უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.

მსხვერპლის სტატუსი მიენიჭება პირს:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერით;
  • სასამართლო ორგანოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერით;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ძალადობა

არასრულწლოვანზე ძალადობის დროს შესაძლებელია მოხდეს არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადისგან ან/და ძალადობრივი გარემოდან:

  • პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე;
  • გადაუდებელ შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ, თუ მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში:

არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.

იძულებითი ქორწინება

იძულებითი ქორწინება არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ან ორივე  იმყოფება ამ კავშირში ნების საწინააღმდეგოდ.

ოჯახის წევრები ხანდახან მიმართავენ ფიზიკურ ძალადობას, მოტაცებას, ადამიანების სახლში გამოკეტვას, ემოციურ ძალადობას, რათა აიძულონ ადამიანი, რომ დაქორწინდეს. ქორწინების იძულება გაუმართლებელია, მაშინაც, კი, თუ მშობლებს კეთილი განზრახვა აქვთ და ფიქრობენ, რომ მათი შვილის ქორწინება კარგი შედეგის მომტანი იქნება მათივე შვილისათვის.

ქორწინების იძულება დანაშაულია და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის იძულებითი  ქორწინება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.  

 

სახელმწიფო სერვისები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომია შემდეგი სახელმწიფო სერვისები:

  • ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია;
  •  სამედიცინო დახმარება;
  • სამართლებრივი დახმარება, მათ შორის სასამართლო წარმომადგენლობა
  • საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება;
  • თავშესაფრის მომსახურება, თავშესაფარში სადღეღამისო საცხოვრისით;
  • კრიზისული ცენტრის მომსახურება კრიზისულ ცენტრში სადღეღამისო საცხოვრისით სარგებლობის გარეშე;

 

კრიზისული ცენტრის მომსახურების ფარგლებში ანალოგიური სერვისებით სარგებლობენ, ასევე, ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლები.

 

მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006

 

საკანონმდებლო ცვლილებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.